
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს 2024 წლის ანგარიში გააცნო. სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა მედიის კითხვებს.
შემაჯამებელ კომენტარში სუს-ის ხელმძღვანელმა ძირითად პრიორიტეტად შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მთავარ გამოწვევად კი საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაასახელა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ქვეყანაში შიდა უსაფრთხოების, სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა.
გამოწვევები არის და ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყოველდღიურ რეჟიმში, ატარებს აქტიურ ღონისძიებებს, ოპერატიული თუ სხვა კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა, ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევა.
ის უკანონო ქმედებები, კონკრეტული ნაბიჯები, რაც საოკუპაციო ძალის მხრიდან იდგმება, რა თქმა უნდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც საოკუპაციო ძალას, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლება, უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.
გამოწვევები არის, თუმცა ჩვენი ამოცანაა ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ და გავუმკლავდეთ. ოკუპაცია, გარე ძალების ჩარევები, დეზინფორმაციის კამპანია, რა თქმა უნდა, არის ის საკითხები, რასთანაც გამკლავება გვიწევს. ვუმკლავდებით წარმატებულად, თუმცა გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებულად გავუმკლავდეთ ყველა ამ საკითხს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0
0