
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ცეცხლი საევაკუაციო მანქანას გაუხსნეს, რომელსაც 10 ადამიანი უნდა გადაეყვანა. შემთხვევის შედეგად აკრედიტირებული ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას ამზადებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
"ევაკუაცია ოფიციალურად შეჩერებულია. რაშისტებმა მანქანას, რომელსაც ადამიანები უნდა გადაეყვანა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭურვის ნამსხვრევებმა დაჯავშნილ მანქანაში შეაღწია, რასაც ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან კისერზე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი ჩაფხუტმა გადაარჩინა". - წერს გაიდაი.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
0
0