
ოკუპირებული ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან.
ხერსონის მარიონეტულ რეჟიმს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა სურდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.
სალდომ 18 ოქტომბერს თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაუყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.
18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.
უკრაინის დაზვერვისა და სამხედრო ანალიტიკური ცენტრების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები მიმდინარე დღეებში ქალაქ ხერსონში მაგრდებოდნენ და მძიმე ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. 24 ოქტომბერს ხერსონის მარიოენტმა ადმინისტრაციამ ქალაქის ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო
0
0