აშშ-ის შტატის ოკლაჰომას განათლების უმაღლესმა წარმომადგენელმა რაიან უოლტერსმა შტატის საჯარო სკოლების პროგრამაში 11-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის ბიბლიის გაკვეთილების შეტანის შესახებ ბრძანება გასცა. უოლტერსის მიერ გაცემულ დირექტივაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წესის დანერგვა სავალდებულოა, რომელიც "დაუყოვნებლივ და მკაცრად უნდა იყოს დაცული".
„ბიბლია შეუცვლელი ისტორიული და კულტურული ქვაკუთხედია. ბიბლიის საბაზისო ცოდნის გარეშე, ოკლაჰომაში მოსწავლეები ვერ შეძლებენ ჩვენი ერის ფუძის სათანადო კონტექსტუალიზაციას, სწორედ ამიტომ, ოკლაჰომას საგანმანათლებლო სტანდარტები მის სწავლებას ითვალისწინებს“, - დასძინა უოლტერსმა.
როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, ლუიზიანას გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამ შტატის ყველა საჯარო სკოლას გაკვეთილებზე ათი მცნების დემონსტრირებას ავალდებულებს.
რაიან უოლტერსის განცხადებას, რომელიც საჯარო სკოლის ყოფილი ისტორიის მასწავლებელია, სამოქალაქო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რომლებიც მხარს უჭერენ ეკლესიისა და სახელმწიფოს მკაცრ გამიჯვნას. მათი თქმით, ”საჯარო სკოლები საკვირაო სკოლები არ არის. ეს არის სახელმძღვანელო „ქრისტიანული ნაციონალიზმი“: უოლტერსი ბოროტად იყენებს საჯარო თანამდებობას, რათა თავისი რელიგიური მრწამსი სხვის შვილებს თავს მოახვიოს. ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლება ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ არცერთ რელიგიურ ჯგუფს არ ჰქონდეს უფლება, თავისი შეხედულება ნებისმიერ ამერიკელს დაუწესოს.“
0
0