
როგორც BBC-ი წერს, ახალმა ექსპედიციამ ატლანტის ოკეანეში ჩაძირული ,,ტიტანიკის” კონსტრუქციის ნელი დაშლის შედეგები გამოავლინა. როგორც ცნობილია, მიმდინარე ზაფხულს, გემის ნაწილების მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტებმა 3800 მ სიღრმეზე წყალქვეშა რობოტები გაუშვეს და აღმოაჩინეს, რომ კონსტრუქციის მოაჯირი დაშლილია. ორმა დისტანციურად მართულმა მანქანამ „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს - თაღს და კიჩოს - მაღალი გარჩევადობის ორ მილიონზე მეტი კადრი გადაუღო. ეს ნაწილები ერთმანეთისგან 800 მ დაშორებითაა.
„„ტიტანიკის“ - დაღუპული გემის - თაღი, უბრალოდ, საკულტოა და ეს ისე აღარ გამოიყურება, როგორიც 100-ზე მეტი წლის წინ იყო. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ოკეანის ფსკერზე მყოფი გემის კონსტრუქციის მდგომარეობის გაუარესებას. ხალხი მუდმივად სვამს შეკითხვას: „რამდენ ხანს იქნება „ტიტანიკი“ იქ?“ და ჩვენ პასუხი არ გვაქვს. გემის მოაჯირის ლითონი რომლის სიგრძე დაახლოებით 4,5 მ-ია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნელ-ნელა მდგრადობას კარგავს“, - თქვა კომპანია RMS Titanic Inc-ის [რომელიც ექსპედიციას უზრუნველყოფდა] წარმომადგენელმა ტომასინა რეიმ.
ექსპერტთა გუნდმა ასევე კიდევ ერთი არტეფაქტი აღმოაჩინა, რომლის პოვნასაც იმედოვნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შანსები ძალიან დაბალი იყო. 1986 წელს, გეოლოგ-მკვლევარმა რობერტ ბალარდმა „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს შორის ბრინჯაოს ქანდაკება, სახელად „ვერსალის დაიანა“, დააფიქსირა და გადაიღო. თუმცა 60 სმ-იანი ფიგურის მდებარეობა ამ დრომდე დოკუმენტირებული არ იყო. ექსპერტთა გუნდმა ის დალექილი ნამსხვრევების ველში იპოვეს.
„ეს თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს. ქანდაკება ერთხელ იყო გამოფენილი „ტიტანიკის“ პირველი კლასის მგზავრებისთვის. პირველი კლასის ლაუნჯი ყველაზე ლამაზი და წარმოუდგენლად დეტალური ნაწილი იყო გემზე. სამწუხაროდ, როდესაც ჩაძირვისას „ტიტანიკი“ ორად გაიყო, დარბაზის მხარე გადაიხსნა. ქაოსის დროს „დაიანას“ გარსაცმი [მოსასხამი] გაიგლიჯა და ნამსხვრევების ველზე დაეშვა", - თქვა Titanic-ის მკვლევარმა ჯეიმს პენკამ.
RMS Titanic Inc-ი ყურადღებით განიხილავს ახალი აღმოჩენების ამსახველ კადრებს და საბოლოოდ უზრუნველყოფს გემის ნამსხვრევების ველზე უაღრესად დეტალურ 3D სკანირებას. RMS Titanic Inc-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც კანონიერად ნებადართულია ნამსხვრევების ადგილიდან ოდესღაც გემზე არსებული ნივთები ამოიღოს. „დაიანას“ ქანდაკება ერთ-ერთი ნივთია, რომლის დაბრუნებაც კომპანიას სურს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ნამსხვრევები „ტიტანიკის“ „საფლავია“, რომელიც ხელუხლებელი უნდა დარჩეს.
„„დაიანას“ ქანდაკება ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია, რომლის პოვნა და გადარჩენა დასაფასებელია. ახლა კი ეს ლამაზი არტეფაქტი, სიბნელეში, ოკეანის ფსკერზეა. ხალხმა უნდა შეძლოს მისი საკუთარი თვალით დანახვა. ვერ დავუშვებ, რომ „დაიანა“ ოკეანის ფსკერზე დარჩეს”, - თქვა პენკამ.
0
0