08/11/2023
14:46
მსოფლიო
აშშ-ის შტატმა ოჰაიომ კონსტიტუციაში აბორტის უფლებების განმტკიცებას ხმა მისცა, რაც შტატში ამ არჩევანის მომხრე კამპანიის მთავარი გამარჯვებაა.
ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კონსერვატიულ შტატში აბორტის უფლებების დაცვას ამომრჩეველთა თითქმის 58% უჭერდა მხარს. პროგნოზირებული წარმატება, სავარაუდოდ, გააძლიერებს დემოკრატების იმედებს, რომ, აბორტის უფლებების დაცვის საკითხში, 2024 წლის არჩევნების წინ, ისინი კვლავ გამარჯვებულნი რჩებიან. ოჰაიო პირველი რესპუბლიკური შტატია, რომელიც აბორტის უფლებების დაცვის ცალსახად გარანტირებისთვის კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვდა. საკანონმდებლო ცვლილების მხარდამჭერებმა გააფრთხილეს ამომრჩევლები, რომ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეიძლებოდა უფრო შემზღუდავი კანონები დანერგილიყო, მათ შორის ორსულობის ექვსი კვირის შემდეგ აბორტების ჩატარების აკრძალვა, რაც გამონაკლის შემთხვევას არ გაითვალისწინებდა. ამჟამად, ოჰაიოში აბორტის ჩატარება ლეგალურია ორსულობის 22-ე კვირამდე.
თუმცა, ისინი, ვინც ამ ღონისძიების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდნენ, ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება გვიანი აბორტების ჩატარებას შეუწყობს ხელს, რომლებიც ამჟამად უკანონოა.
დემოკრატები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იმედოვნებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომრჩევლები 2024 წლის არჩევნების წინ უფრო გააქტიურდებიან.
”ოჰაიოელებმა და, ამომრჩევლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ მიიღეს არჩეული რესპუბლიკელი ოფიციალური პირების მცდელობა აბორტის უკიდურესი აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ბაიდენმა.
არჩევნები ჩატარდება ასევე კენტუკსა და ვირჯინიაში, რაც გავლენას მოახდენს აბორტზე ხელმისაწვდომობაზე. კენტუკის სამხრეთ შტატში დემოკრატი გუბერნატორის ენდი ბეშირის ხელახალი არჩევა გამარჯვებად ჩაითვლება აქტივისტებისთვის, რომლებიც შტატში აბორტების ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ვირჯინიაში კი, რესპუბლიკელები საკანონმდებლო ორგანოს ტოტალურ კონტროლს ითხოვენ. გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკური პარტია პროცედურაზე ახალ შეზღუდვებს აამოქმედებს.
0
0