
“ათ წელზე მეტი ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გავლენა მოახდინა ვაშინგტონსა და საქართველოზე - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც ის პრეზიდენტის პოსტზე იყო არჩეული. ის ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ გზით მოვიდა, რომელმაც კორუმპირებული რეჟიმი დაამხო. სააკაშვილი ჯო ბაიდენს საქართველოში მაშინ შეხვდა, როდესაც ის [ბაიდენი] სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2012 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან ბათუმში შეხვედრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო უფრო ახლოს იყო, ვიდრე ოდესმე“ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების შესრულებასთან,” - წერს The Washington Post-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ახლა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ციხეში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხოლო მისი ევროატლანტიკური მიზნების განხორციელება არარეალური ხდება. 15 თებერვალს ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა (577-33 ხმით), რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ სააკაშვილის საქმე „ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობის ერთგულებისთვის ევროპული ღირებულებებისა და მის მიერ განცხადებული ევროპული მისწრაფებებისადმი, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი“.“
„სააკაშვილი ქარიზმატულ, პოლარიზებულ და ხშირად კრიტიკის მიმართ შეუწყნარებელ ფიგურას წარმაოდგენს. თუმცა მან და რეფორმატორთა ჯგუფმა ეკონომიკის მოდერნიზება მოახდინეს, მნიშვნელოვნად შეამცირეს კორუფცია და მიიზიდეს მილიარდობით ღირებულების უცხოური ინვესტიციები. საქართველოს პროგრესი შეფერხდა, როდესაც 2008 წელს ქვეყანაში რუსეთის ჯარი შეიჭრა - ეს იყო სადამსჯელო დარტყმა, რომელიც მიზნად ისახავდა პატარა ერში დემოკრატიისადმი სწრაფვისა და ნატოში გაწევრიანების სურვილის ჩაკვლას. თუმცა სააკაშვილმა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა, როდესაც მან ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა მომდევნო მთავრობას მას შემდეგ, რაც მისი პარტია 2012 წელს არჩევნებში დამარცხდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მალავს თავის ზიზღს სააკაშვილის მიმართ. როგორც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოსკოვში მაიკლ მაკფოლმა ახლახან აღნიშნა, საქართველოში ან უკრაინაში წარმატებული დემოკრატია ანათემას წარმოადგენდა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი იცავდა. „პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციებისა საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას“, - წერს მაკფოლი.
სააკაშვილის პრეზიდენტობას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობა მოჰყვა. ივანიშვილის პრორუსულმა მთავრობამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია დაასუსტა. სააკაშვილმა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე, გარკვეული პერიოდი გაატარა უკრაინაში. 2021 წელს კი ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. მას შემდეგ ის ციხეშია - ითმენს ცემას, განიცდის წონის მკვეთრ კლებას, ასევე ებრძვის დემენციას და კუნთების ატროფიას.
ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მყოფ ბაიდენს მიესალმა და ასე მიმართა - „ჩემო ძვირფასო მეგობარო“. ახლა დროა, რომ ბაიდენმა შესაბამისი რეაგირება გამოხატოს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება. სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. თუ ის ციხეში დაიღუპება, სავარაუდოდ, ეს ასევე იქნება „სიკვდილის ზარი“ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში და პუტინის ტრიუმფი, რომელმაც საქართველოს 3,7-მილიონიანი მოსახლეობა კიდევ მრავალი წლის ავტორიტარულ მმართველობაში გადაიყვანა,“ - წერს გამოცემა.
0
0