11/04/2024
21:11
პოლიტიკა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, “გორბის” საზოგადოებრივ კვლევას გამოეხმაურა. ამ კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 60,4% აქვს, “ევროპულ საქართველოს” კი მეოთხე ადგილზე, 4,5%-ი.
თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"ოცნების რეიტინგი ცხადია მნიშვნელოვნად მანიპულირებული და გაბერილია, მაგრამ ოპოზიციის ხორხოცი უფრო საზარელია - მიუთითებს, რამდენად მოწყვეტილები არიან რეალობას და რამდენად შეზღუდულია მათი თვალსაწიერი პოლიტიკურად აჟიტირებული ბაბლით.
სანამ ოპოზიცია სისტემურად არ შეიცვლება და ჭკუიდან გადასული ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის ჭკუაზე ირბენს, ნაცვლად ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებისა, რეჟიმს მყარი პოზიცია ექნება.
სანამ ოპოზიციაც ქართველს პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს, რომელსაც "ბელადი უნდა" და უმცირესობების თანასწორობას ვერ ეგუება - რეჟიმი დარჩება.
ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად ევროპული საქართველოს წარმატების მაგალითი და აუცილებლად დავდებთ.
მოვასწრებთ 7 თვეში? არ ვიცი.
მაგრამ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ჩვენი ზრდა ქართველ ამომრჩეველზე წარმოდგენას ააყირავებს - მეტს დაარწმუნებს, რომ ქართველი ევროპელია და პოლიტიკის ხარისხსაც ევროპულს გახდის.
(ოპოზიციის დიდ ნაწილს ქართველების ევროპელობა ხომ თავადაც არ სჯერა - თვალთმაქცობს)
იქამდე უდაბნოში ვიჩანჩალებთ
და საფრთხის ქვეშ ვიქნებით.
P.S. გაზრდილები რომ ვართ, ამას თავადაც ვითვლით, იმედის კვლევა არ გვჭირდება.
მაგიტომ ვმუშაობთ, რომ გავიზარდოთ და გავიზრდებით, ცხადია." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.
0
0