-share.jpg)
,,ნოემბრის დასაწყისში 50-მა ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა რუსეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
კრემლის გეგმებმა გააჩინა შიში, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნამ შესაძლოა ევროკავშირის მოიმედე საქართველო რუსეთმა უკრაინასთან ომში ჩაითრიოს და დააზარალოს თბილისის გეგმები შავი ზღვის პორტთან დაკავშირებით,“ - წერს BBC-ი.
აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანახმად, პორტში მიმდინარე დრაგირების სამუშაოები ნიშნავს, რომ ოჩამჩირე უკვე მასპინძლობდა უფრო დიდ სატვირთო გემებს, რომელთა სატვირთო მოცულობა 13000 ტონამდეა.
უკრაინის სადაზვერვო სააგენტოს მტკიცებით, აღნიშნული სამუშაოების მიზანი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების გააქტიურება და ოჩამჩირის უსაფრთხო ნავსადგურად გამოყენებაა.
,,რუსეთს რომ ოჩამჩირე უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოეყენებინა ან უკრაინას იქ განთავსებული რუსული საზღვაო გემები სამიზნედ აერჩია, მაშინ საქართველო გახდებოდა ომში მონაწილე მხარე. თუ პუტინს სჭირდება საქართველოს ამ ომში ჩართვა ან რაიმე ფორმით ,,ჩათრევა“, ის ამას ნამდვილად გააკეთებს, თუ ეს მის ინტერესებშია. სამწუხაროდ, [პუტინს] ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე,“ - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა ნათია სესკურიამ
როგორც BBC-ი წერს, ომში ჩათრევის გარდა, საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ თბილისის საკუთარი გეგმები შავი ზღვის სანაპიროზე მეგაინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ შეიძლება შეფერხდეს. ანაკლიის პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო სექტორის გასაძლიერებლად ე.წ. შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების მიწოდების უსწრაფეს მარშრუტს წარმოადგენს. აღნიშნული მარშრუტით თავიდან იქნება აცილებული რუსეთის სახმელეთო მილსადენის გამოყენება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მას შეუძლია გაანახევროს მგზავრობის დრო და 2030 წლისთვის გააორმაგოს ვაჭრობის მოცულობა.
კრემლი ანაკლიის პროექტის განხორციელებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება, რადგან მას აშშ-ის პროექტად მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ანაკლიაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავები შეძლებენ ჩასვლას.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირის მომხრეა, ამავდროულად, მთავრობას რთული ურთიერთობა აქვს მოსკოვთან. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ გააუქმა ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ დასავლური ბანკები და ინვესტორები.
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გეგმა აღდგება და ტენდერში გამარჯვებულიც მალე გამოცხადდება.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მისი მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებული ბრალდებები "აბსურდია". თუმცა მისივე თქმით, თბილისი ვალდებულია, ჩრდილოელ მეზობელთან ფრთხილი ურთიერთობები შეინარჩუნოს.
სამხარაძის ვარაუდით, რუსეთი ოჩამჩირეს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციების გამო დაემუქროს.
”რუსები... ყოველთვის იყენებენ საუკეთესო მომენტებს, რათა, პირველ რიგში, შეარყიონ საქართველოს სტაბილურობა და, შემდეგ, ხელი შეუშალონ საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ. [რუსები] ცდილობენ, დაანახონ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ისინი ბატონები არიან და, რასაც უნდათ, გააკეთებენ,“ - თქვა დეპუტატმა.
როგორც ცნობილია, ევროპელი ლიდერები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის სამიტზე მიიღებენ,“ - წერს BBC-ი.
0
0