"ღმერთი გულთამხილავია, ყოვლისმხილველია და ყველაფრის მცოდნეა. მას ვერაფერს ვერ დაუმალავ... ნუ ღელავთ, ღმერთი ყველაფერს დაალაგებს; მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ და რა იქნება ეს - ცოტა ხანში შევიტყობთ“, - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ბევრი ვიცით ისტორიიდან, უახლესიდან თუ წარსულიდან: ჰყავდათ მძევლები და მონები, დღესაც არიან მძევლები, მონები... ჰყავდათ მთავრები და მეფეები, რომლებიც დღესაც არიან. იყო კაცისკვლა, ომები - დღესაც იგივე ხდება ქვეყნებს შორის...
წუთისოფელი ეს ის სცენაა, სადაც ბევრი ადამიანი გგონია რომ მართლაც დადის, ფიქრობს და თამაშობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც თამაშობს. ღმერთი გულთამხილავია, ყოვლისმხილველია და ყველაფრის მცოდნეა. მას ვერაფერს ვერ დაუმალავ... ნუ ღელავთ, ღმერთი ყველაფერს დაალაგებს; მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ და რა იქნება ეს - ცოტა ხანში შევიტყობთ“, - აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
მეუფის თქმით, დადგება დრო და ყველა მიხვდება, თუ რა გაკეთდა და როგორ, რადგან, როგორც სახარებაში წერია, არაფერია დამალული და ყველაფერი მალე გაცხადდება..
„პოლიტიკურ მსჯელობას არ ვიწყებ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ: მოუფრთხილდით გულსა და გონებას, რომ მრისხანებამ არ დაიპყროს თქვენი გული და გონება. მრისხანება ხომ კაცის მკვლელი ცოდვის პირველი ნაბიჯია. მრისხანე კაენმა აბელი მოკლა. მრისხანებიდან ძმათა მკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ, არა მარტო იქ ვინც ქალაქში დგას, არამედ აქაც, მოუფრთხილდით თქვენს გულსა და გონებას, რომ განკიცხვის ცეცხლს არ მისცეთ თქვენი გონება. მრისხანებით არ ჩავარდეთ, თუნცად, სიტყვიერად ამ ცოდვაში.
თუ ამ ვნებას ხშირად მისცემთ გზას [დაიპყროს თქვენი გული და გონება], იცოდეთ სინდისს, რომელიც გამხელთ რომ ასე არ უნდა მოიქცეთ, თქვენივე ნებით, შეიძლება დღეს იმისი მოსურნე გახდეთ, რომელსაც გუშინ და გუშინწინ არ ეთანხმებდით და განიკითხავდით. ამიტომ, რაც ყველაზე მთავარია - ილოცეთ და ღმერთს შეავედრეთ თქვენი სულიერი მშვიდობა. რადგან როცა თქვენთან ვინმე აღელვებული მოდის, იმან უნდა მიიღოს თქვენგან სიმშვიდის მუხტი, რომ თურმე სიმშვიდისა და ღმერთთან ყოფნაზე უკეთესი არაფერია.
ვიღაცა იტყვის - „ქვეყანას რომ უჭირს?“ ქვეყანას რომ უჭირს, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს. ქვეყანა გადარჩება თუ ჩვენ ღვთის წინაშე მართლები ვიქნებით. მთავარია ღვთის წინაშე ლოცვა მართალი, გულწრფელი, მშვიდი, რადგან თუ იცის უფალმა რა გვჭირდება,ის ყველაფერს მოგვცემს“, - განაცხადა აბბა ალავერდელმა.
0
0