13/12/2023
16:03
ეკონომიკა
ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა. კომიტეტის სხდომაზეც მისი გვარი არ ახსენეთ. ნუ გეშინიათ. რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? - ამ კითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება მავნებლურია.
„თქვენი დადგენილება არის მავნებლური და მაგალითით დაგიდასტურეთ, რომ აშშ-მ ე.წ. ალ შიშანს სოფელ ბირკიანიდან, საქართველოს მოქალაქეს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს სანქცია დაუწესა, თუკი ამერიკაში აქტივები, ანგარიშები ჰქონდა, გაუყინა, სანქცია მეტი კი არაფერია. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ანგარიშები უნდა გაეყინოს აქაც, მაგრამ თქვენი დადგენილებით, სანამ საქართველოს გამოძიება არ დაადგენს, რომ ის სირიაში თავს ჭრიდა ადამიანებს, სანამ ჩვენი სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, იკრძალება მანამდე ყოველგვარი სანქციის დაკისრება, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეა, ამიტომ ანალოგიურად რომ მოხდეს ასეთი რამ, ამ კანონის მიხედვით, დაუწესდება სანქცია?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია თურნავამ განაცხადა:
„იმიტომ არ ვახსენებ, ბატონო რომან, კონკრეტულ სახელებს და გვარებს, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს. ის და ნებისმიერი სხვა ჩვენი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა დაცული იყოს და ეფექტურად მოხდეს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება საბანკო სისტემის მხრიდან. ამიტომ, ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი“
0
0