
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ გამოწვეული წყალდიდობის გამო დასახლება ნოვა კახოვკაში სულ მცირე 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ნოვა კახოვკას დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. პრორუსული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევაკუირებულია 900 ადამიანი. ამ ინფორმაციის მიხედვით წყლის დონემ დღეს ნახევარი მეტრით დაიწია, მაგრამ მთლიანად მის დაკლებას ერთი კვირა დასჭირდება.
როგორც პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეონტიევმა განაცხადა, წყალმა 4 სოფელი მთლიანად დაფარა. საერთო ჯამში დნეპრის მარცხენა ნაპირზე 15 დასახლებული პუნქტი დაიტბორა, ევაკუირებულია 1500-მდე ადამიანი.
ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაციაა ქალაქ ოლეშკიში, სადაც ადგილობრივო მოსახლეობა სახლის სახურავებზე იმყოფება და შველას ითხოვს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს, დატბორვის ზონაში 80 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. ევაკუირებული 1400 ადამიანი, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.
ექსპერტების ინფორმაციით, წყლის დონე დატბორილ რაიონებში მაქსიმუმს 7 ივნისს მიაღწევს. მისი დაკლება კი რამდენიმე დღეში დაიწყება.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025