19/11/2024
11:27
მსოფლიო
ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბერინგ ბრეივიკი 19 ნოემბერს სასამართლოში გამოცხადდება. მისი მტკიცებით, ის, გისოსებს მიღმა 13 წელზე მეტ ხანს გატარების შემდეგ, ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ცნობილია, ნეონაცისტმა ტერორისტმა 2011 წლის ივლისში, კუნძულ უტოიაზე, 77 ადამიანი, ძირითადად, მოზარდები, მოკლა.
როგორც Reuters-ი წერს, ბრეივიკის ვადამდე გათავისუფლების ეს მეორე მცდელობაა. ბრეივიკი სასჯელის მაქსიმალურ ზომას - 21-წლიან სასჯელს - იხდის, რაც შეიძლება კიდევ გაიზარდოს, თუ ტერორისტი საზოგადოებისთვის საფრთხედ კვლავ ჩაითვლება. პირობით გათავისუფლების უახლეს განაცხადს კუნძულ უტოიასთან ახლოს, ტირიფიორდენის ტბის სანაპიროზე მდებარე საპყრობილეში მოისმენენ, სადაც ბრეივიკი იმყოფება. სასამართლო პროცესი ციხის გიმნაზიაში ჩატარდება.
ბრეივიკის გათავისუფლების პირველი მცდელობა, 2022 წელს, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმდროინდელ სასამართლო მოსმენაზე ბრეივიკმა „ძალადობის გამო ბოდიში მოიხადა“, თუმცა აღნიშნა, რომ ის კვლავ ინარჩუნებდა ნეონაცისტურ შეხედულებებს და თეთრკანიანთა უზენაესობის იდეის დაცვისთვის მშვიდობიანი გზებით გააგრძელებდა ბრძოლას. ბრეივიკი ასევე ნორვეგიის სახელმწიფოსგან ციხეში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ იზოლაციაში ყოფნით მისი უფლებები ირღვეოდა.
0
0