13/12/2022
16:07
პოლიტიკა
“გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ქალბატონი ნორა კვიციანი-არღვლიანი, ამჟამად დედა კვიციანი, მონაზონი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ვიცნობ მრავალი ათეული წელია და ადამიანი, რომელიც იყო განსახიერება პატრიოტიზმის, ქართველი ქალის ღირსების და გაუტეხელი სულის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ნორა კვიციანმა შეძლო კოდორის ხეობის დაცვა წლების განმავლობაში.
„1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მეც იქ ვიყავი, ჯერ სოხუმში, შემდეგ ხეობა გადმოვიარე დევნილებთან, ჯარისკაცებთან ერთად, ნორა კვიციანი ახერხებდა ორგანიზებას, რომ არცერთი ადამიანი, ვინც ამ ხეობაზე გაივლიდა, არ დარჩენილიყო თავშესაფრისა და ლუკმაპურის გარეშე. ყველას გვერდით იყო, მისი სახლი იყო გადაქცეული ყველას სახლად, ასე გრძელდებოდა იმ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე სააკაშვილი იქ ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა.
ეს იყო ადამიანი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა, რომ 15 წლის განმავლობაში ვერავინ მოახერხა კოდორის ხეობის აღება, თავის ძმასთან ემზარ კვიციანთან ერთად და ხეობის სხვა გმირ დამცველებთან ერთად ერთი დღე არ გამოსულა კოდორიდან, ყოველდღე იქ იყო, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე", განაცხადა სუბარმა.
მისივე ინფორმაციით, ნორა კვიციანის მისი მაღალი ავტორიტეტი იყო სწორედ იმის გარანტი, რომ ხეობა იყო შეკავშირებული,
ერთად ახერხებდნენ, დაეცვათ ოკუპანტისგან, ვიდრე 2006 წელს სააკაშვილმა არ შეიყვანა იქ ჯარები და 2008-ში უკვე ჩააბარა ხეობა ისე, რომ გატეხა იქ მებრძოლების სული. ერთი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ოკუპანტს, ერთი თოფი არ გავარდნილა ხეობაში. მეტსაც გეტყვით, ისე გამოიყვანა იქიდან სამხედრო შენაერთები, რომ მოსახლეობა არც კი გაუფრთხილებია, რა საფრთხე ელოდებოდათ. რომ არა სწორედ ნორა კვიციანი, იქ საოცრებები დატრიალდებოდა“, – განაცხადა სუბარმა.
დეპუტატის შეფასებით, ნორა კვიციანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკანონოდ დააკავეს.
„ეს იყო ადამიანი, რომელიც დაიჭირეს სრულიად უკანონოდ, წაყენებული ჰქონდა სამი ბრალდება – უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. სახალხო დამცველი ვიყავი მაშინ და 32-გვერდიანი დასკვნა მაქვს გაკეთებული, სადაც დეტალურად არის განხილული, რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ის ბრალდებები, არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში", განაცხადა სუბარმა.
0
0