17/09/2021
12:34
საზოგადოება
კომპანია Netflix-ის პოპულარული სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში კომენტარი გაკეთდა მოსკოვში გამართულ კულმინაციურ საჭადრაკო მატჩის შესახებ, რომელშიც სერიალის მთავარი გმირი ბეტ ჰარმონი მონაწილეობს: „ამ ინტელექტუალურ თამაშში ის სქესით არის განსხვავებული, თუმცა ის ერთადერთი არაა. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს შეხვედრია ”.
სერიალში ბევრი რამ გამოგონილია, მაგრამ რეალურად არსებობს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის, სახელად ნონა გაფრინდაშვილი – პირველი ქალი, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. ამჟამად ის 80 წლისაა და საქართველოში, თბილისში ცხოვრობს. მისთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის გაგება, რომ სატელევიზიო სერიალში ხაზი აქვს გადასმული მის მრავალრიცხოვან წარმატებებს ჭადრაკის თამაშში მამაკაც-მოწინააღმდეგეებთან.
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ლოს -ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 5 მილიონ დოლარს ითხოვს მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალში ნაჩვენებია „დამანგრეველი სიცრუე მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის, რითაც გაბათილებულია მისი მიღწევები“. ნონა გაფრინდაშვილი ასევე ფილმიდან იმ ეპიზოდის ამოღებას ითხოვს, სადაც ნათქვამია, რომ მას არასოდეს უთამაშია ჭადრაკი მამაკაცთან.
Netflix-მა საპასუხოდ განაცხადა, რომ უდიდეს პატივს სცემს ნონა გაფრინდაშვილს, მაგრამ თვლის, რომ მისი სარჩელი უსაფუძვლოა: „ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ვთვლით, რომ მის მტკიცებულებები უსაფუძვლოა. შესაბამისად, ჩვენ ამ საქმეში თავს ენერგიულად დავიცავთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
25-გვერდიან სარჩელში აღნიშნულია, რომ ნონა გაფრინდაშვილი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში ნამდვილად იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა იმ ტურნირებში, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მამაკაცებს შორის იმართებოდა. სარჩელში ნათქვამია, რომ ფრაზამ „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეს” ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს პროფესიული ზიანი მიაყენა, რადგან ის ახლაც აგრძელებს საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობას.
„ეს შეურაცხმყოფელი იყო, რადგან თითქმის მთლიანად გადაესვა ხაზი ჩემს ცხოვრებას“ , – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა ერთსაათიან ინტერვიუში, რომლის დროსაც მან ენთუზიზმით გაიხსენა თავისი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებები საჭადრაკო მატჩებში
სარჩელის თანახმად, Netflix-მა თავხედურად და წინასწარგანზრახულად იცრუა ნონა გაფრინდიშვილის მიმართ, ცინიკური მიზნით, ფილმში „მეტი დრამატიზმის“ შესატანად, რომ მის მიერ გამოგონილმა გმირმა შეძლო ის, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, ნონა გაფრინდაშვილის ჩათვლით“.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „ისტორია, რომელსაც ქალები უნდა შთაეგონებინა ახალგაზრდა მოჭადრაკის წარმატებით მსოფლიო დონის მამაკაც-მოწინააღმდეგეებზე, Netflix-მა საპირისპიროდ გამოიყენა – დაამცირა ერთადერთი რეალურად არსებული მოჭადრაკე ქალის წარმატებები, რომელიც ნამდვილად იმარჯვებდა მსოფლიო დონის მოჭადრაკე მამაკაცებზე იმ ეპოქაში“. ასევე, Netflix-მა თვითონ შეცვალა იმ წიგნში მოხსენიებული ფრაზა, რომლის საფუძველზეც ფილმი იქნა გადაღებული. სარჩელში საუბარია ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო მიღწევებზეც.
„მე ემოციურად ბევრ რამეს ვუძლებ და ვერავინ ვერაფერს მავნებს, მაგრამ ეს ფაქტი ჩემთვის ერთდროულად გასაოცარიც იყო და დამამცირებელიც. მე ეს ბრძოლა დავიწყე რასაც გავაგრძელებ კიდეც“, – თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.
0
0