
ნომინალის, კუპიურების, მონეტის შექმნა, მარკის გამოსვლა - ყველაფერი წარმატებამ მოიტანა და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ ამაზე არ გავჩერდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს, პარტნიორებსა და გულშემატკივარს ყველა წამოწყებისთვის.
„26 მარტის სიხარულმა დამატებითი მოტივაცია მოგვცა ჩვენ, ფედერაციასაც, ფეხბურთელებსაც, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ წარმატებები, რომელიც ასე ახარებს ჩვენს ერს. სასიხარულოა ყველა ის წამოწყება, რომელიც როგორც სახელმწიფოს, აგრეთვე ჩვენი პარტნიორების, გულშემატკივრების მხრიდან იყო. მინდა თითოეულ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამ წარმატებაში აქვთ. მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ყველაფრის მიღწევა. მინდა ყველა მედიასაშუალებას გითხრათ მადლობა, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში“, - აღნიშნა მუჯირმა.
მისივე თქმით, ისეთი პროცესები, როგორიც არის კუპიურების, მონეტების, საფოსტო მარკების შექმნა დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის.
„ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თუნდაც ნომინალის, კუპიურების, მონეტის შექმნა, მარკის გამოსვლა - ყველაფერი წარმატებამ მოიტანა და ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ ამაზე არ გავჩერდეთ. მერწმუენთ, არც ჩვენ და არც ფეხბურთელებს არ გვაკლია მოტივაცია, რომ სასიხარულო თამაშები და დღეები კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ გულშემატკივარს და ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიხაროს“, - განაცხადა მუჯირმა.
ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.
0
0