04/12/2023
11:48
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-3.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი), თევზეული (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.8 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (0.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.4 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-3.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-2.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 0.8 პროცენტით, რაც -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
0
0