
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც ანაკლიის პორტს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, განცხადებებს შეეხებოდა. მისი თქმით, გრიგოლ გეგელიამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში გეგელიას უპასუხა და აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომას პარტია „ლელოს“ წარმომადგენელიც ესწრება.
„გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სამართავად უნდა გადაეცეს საერთაშორისო სანდოობით აღჭურვილ ოპერატორს. მე მართლა მაინტერესებს, ალბათ „ლელოს“ წარმომადგენელს პასუხი ექნება ამ კითხვაზე, თუ თქვენი პარტია აღარც მალავს იმას, რომ უცხოეთიდან იღებთ დირექტივებს და ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაზიანდეს, მაგრამ გრიგოლ გეგელია იკარგება თავის პოლიტიკურ მესიჯებსა და ლოგიკაში. თუმცა, როდესაც ამ განცხადების სიღრმეებში შევალთ, უფრო დიდ ტყუილსაც შევხვდებით. ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, ანაკლიის მიღმა რა ისტორია დგას. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ეს ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენ ვნახეთ მრავალი პუნქტი, რომლებიც მამუკა ხაზარაძემ ვერ განახორციელა, შემდეგ მოითხოვა ამ პუნქტების შეცვლა. ვერ ჩამოიყვანა ინვესტორები, ვერ მოიზიდა ფული და საბოლოოდ, ფაქტობრივად, ამ პროექტის საბოტაჟი მოახდინა“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ დასკვნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველა სასამართლო პროცესი წააგო.
„შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის წინაშე თქვენმა ლიდერმა არაერთხელ აგო პასუხი. მაგალითად, 2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის წინაშე „ანაკლია დეველოპმენტ კონსორციუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ მამუკა ხაზარაძეა, დაეკისრა 650 ათასი დოლარი, ხოლო 2025 წელს საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის არბიტრაჟის წინაშე ასევე გამტყუნდა თქვენი ლიდერი. გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ჩვენს ხედვას მშვიდობის ეკონომიკას ვუწოდებთო. თქვენს პარტიას რომ მშვიდობასა და ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს, ეს ძალიან კარგადაა ხალხისთვის ცნობილი. რეალურად, ვისაც მშვიდობასთანაც და ეკონომიკურ განვითარებასთან აქვს კავშირი, არის სწორედ „ქართული ოცნება“. ეს რეალური საქმით ჩანს და ამას ადასტურებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დააფიქსირა.
კარგად არის ცნობილი, რომ შემუშავდა ახალი მიდგომა, ე.წ. აპრობირებული „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ანაკლიის პორტის მმართველობა და კონტროლი სრულად იქნება საქართველოს კონტროლის ქვეშ, თუმცა ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ინვესტორების პრაგმატული და რაციონალური ჩართულობა, ოღონდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული და მჯერა, რომ ეს პროექტი შუა დერეფანში საქართველოს როლს ერთი ორად აამაღლებს. ხოლო „ლელოს“ ადგილას მე, უბრალოდ, თავდახრილი ვიჯდებოდი, მოვისმენდი კრიტიკას და არ გავაკეთებდი ხმამაღალ განცხადებებს იმ პროექტზე, რომელიც სწორედ თქვენს პარტიას და ლიდერს უკავშირდება“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
0
0