
„ეკონომიკის რაციონალურად დაგეგმვით ჩვენ მივიღეთ 9,4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საერთაშორისო ეკონომიკური რყევების ეპოქაში და წამყვანი ევროპული ქვეყნები თავს ვერ აღწევენ ინფლაციას. ასეთი უნიკალური ეკონომიკური ზრდის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ჩვენი მთავრობის და შესაბამისი ინსტიტუტების ინტენსიური და რაციონალური ქმედებები“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნოდარ ბოკერიამ გააკეთა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკური ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა იდეალურად გამოიყენა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთის დროულად დარეგულირებით ამავდროულად სავალუტო ინტერვენციებით ინფლაცია საკმაოდ დაბალ, 4,8-პროცენტიან, მაჩვენებელზე შეინარჩუნა. ნოდარ ბოკერიას თქმით, ევროკავშირის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 8,8 პროცენტია და მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტია.
„ხშირად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმის ასეთი შეფასება, რომ კი, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს არ აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქაც არის მარტივი მათემატიკა და მარტივი სტატისტიკა. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბის მაჩვენებელმა 26 პროცენტიდან 9 პროცენტამდე დაიწია, ხოლო ყველაზე კარგი საზომი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტებისა გახლავთ მსყიდველთუნარიანობითი პარიტეტი, რომელიც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 25 ათას დოლარამდე გაიზარდა“, - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.
ნოდარ ბოკერიამ თავის გამოსვლაში ყურადღება ბიზნესსექტორზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. მისივე თქმით, ეს შეფასება მმართველი გუნდის მიერ გადადგმული რაციონალური ნაბიჯების შედეგია.
„წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესს არ ჰქონდა იმის საშუალება რომ კონკურენტუნარიან გარემოში თავისუფლად ოპერირება მოეხდინა, თუმცა ჩვენმა გუნდმა მოახერხა და შექმნა ისეთი კომფორტული გარემო, რომელმაც უნიკალური უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ლოგიკური ჯაჭვი შექმნა. ინვესტორი აბანდებს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ფულს და ქმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
ნოდარ ბოკერიას განცხადებით, საქართველო ყალიბდება რეგიონულ ჰაბად, სადაც შუა დერეფანი იძენს ძალიან მნიშვნელოვან, სტრატეგიულ არსს. ჩვენმა მთავრობამ განავითარა ლოჯისტიკა, რაც პერსპექტივაში ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად აამაღლებს.
„ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეკონომიკა უნდა იყოს ფარი და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ, რომ ასეთი ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. წარმატება ჩვენს გუნდს“,, - განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
0
0