
პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა ნარგეს მოჰამადიმ, ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა.
როგორც ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის-ანდერსენმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „[ნარგეს მოჰამადის] მამაცურ ბრძოლას უდიდესი პერსონალური მნიშვნელობა აქვს“.
„ირანის რეჟიმმა ის [ნარგეს მოჰამადი] 13-ჯერ დააკავა, 5-ჯერ გაასამართლა და 31 წლით თავისუფლების აღკვეთა და 154-ჯერ გამათრახება მიუსაჯა“, - თქვა რეის-ანდერსენმა.
ირანში ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამცველი, ნარგეს მოჰამადი ინჟინრად და ასევე სხვადასხვა გაზეთში მიმომხილველად მუშაობდა.
ნარგეს მოჰამადი პირველად 2011 წელს დააკავეს დაპატიმრებული აქტივისტებისა და მათი ოჯახების დახმარებისთვის. გათავისუფლების შემდეგ მოჰამადიმ ირანში მოქმედი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რისთვისაც 2015 წელს ის ისევ დააკავეს.
„ციხეში დაბრუნებისთანავე მოჰამადიმ რეჟიმის მიერ სადამსჯელო ზომად წამების სისტემატურად გამოყენება და პოლიტპატიმრებისა და განსაკუთრებით ქალების მიმართ სექსუალური ძალადობა გააპროტესტა“, - თქვა რეის-ანდერსენმა.
გისოსებს მიღმა ყოფნის მიუხედავად, მოჰამადიმ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ქალების მიერ გამართულ ანტისამთავრობო აქციებს, რომლებმაც 2022 წელს მთელი ირანი მოიცვა.
0
0