28/11/2024
18:11
მსოფლიო
ნიუ იორკის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ „დიდი“ კომბსის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოსამართლემ მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შონ კომბსი პოტენციურად საშიშია და ვერანაირი პირობები გონივრულად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რეპერს გირაოზე სასამართლომ უარი უთხრა.
მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა მიიჩნია, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება კომბსის ძალადობისკენ მიდრეკილების შესახებ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან „სიენენის“ მიერ მოპოვებული ვიდეო დაასახელა, სადაც 2016 წელს ერთ-ერთ სასტუმროში რეპერის მხრიდან მის მეგობარ ქალზე, კასი ვენტურაზე ფიზიკური ძალადობა ჩანს.
დაცვის მხარე ითხოვდა შონ კომბსისთვის 50 მილიონის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სამოთახიან ბინაში შინაპატიმრობას 24-საათიანი დაცვით, ვიზიტორების მიღებისა და კომუნიკაციის შეზღუდვით. თუმცა, პროკურორების მოსაზრებით, არ არსებობს პირობები, რომლებიც შეამცირებდა კომბსის მიერ თვითმხილველებზე გავლენის მოხდენის რისკს და რეპერის ნდობა არ შეიძლება.
ცნობისთვის, შონ კომბსი ბრუკლინის ციხეში სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნესიმპერიას, მათ შორის, ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა. შონ კობსის სასამართლო პროცესი ხუთი მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.
0
0