
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უარყოფს მტკიცებას, რომ ვენესუელაში „კარტელ დე ლოს სოლესი“ რეალური ჯგუფია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, იუსტიციის დეპარტამენტმა უკან წაიღო მტკიცება ნიკოლას მადუროს შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს გაავრცელა ვენესუელაში მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების საფუძვლის შესაქმნელად.
ნიკოლას მადუროს ბრალს სდებდნენ ნარკოკარტელის ხელმძღვანელობაში. ეს მტკიცება 2020 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დიდ ნაფიც მსაჯულთა მიერ შედგენილ ბრალდებას უკავშირდება. 2025 წლის ივლისში, ამ ფორმულირებით კოპირების შედეგად, ფინანსთა სამინისტრომ „კარტელ დე ლოს სოლესი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ნოემბერში, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სახელმწიფო დეპარტამენტს იგივეს გაკეთება დაავალა. თუმცა, ლათინური ამერიკის დანაშაულისა და ნარკოტიკების საკითხების ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს სინამდვილეში ჟარგონული ტერმინია, რომელიც ვენესუელის მედიამ 1990-იან წლებში გამოიგონა ოფიციალური პირებისთვის, რომელბიც ფულს იღებდნენ ნარკოტიკების გაყიდვისგან.
გამოცემის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ მადურო დააკავა, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა გადაწერილი ბრალდება, რომელიც, როგორც ჩანს, ფარულად აღიარებდა ამ მოსაზრებას.
პროკურორები მადუროს კვლავ ადანაშაულებდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობის შეთქმულებაში მონაწილეობაში, თუმცა უარი თქვეს იმ მოსაზრებაზე, რომ „კარტელ დე ლოს სოლესი“ რეალური ორგანიზაცია იყო.
ამის ნაცვლად, გადამუშავებულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ის ეხება „მფარველობის სისტემას“ და „კორუფციის კულტურას“, რომელიც ნარკოტიკებით მოპოვებული ფულით იკვებება.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ძველი ბრალდება 32-ჯერ თუ მოიხსენიებს „კარტელ დე ლოს სოლესს“ და ნიკოლას მადუროს მის ლიდერად აღწერს, ახალი ბრალდება მას ორჯერ ახსენებს და ამბობს, რომ ის, ისევე როგორც მისი წინამორბედი, პრეზიდენტი უგო ჩავესი, მონაწილეობდა, აგრძელებდა და იცავდა ამ მფარველობით სისტემას.
„უკან დახევა კიდევ უფრო მეტ ეჭვქვეშ აყენებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ წელს „კარტელ დე ლოს სოლესის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ლეგიტიმურობას. თეთრი სახლისა და იუსტიციის, სახელმწიფო და ფინანსთა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს“, – წერს გამოცემა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ნარკოტიკებთან ბრძოლის ყოველწლიურ ეროვნულ შეფასებაში, რომელიც დეტალურად აღწერს მსხვილი ტრეფიკინგის ორგანიზაციებს, არასდროს არის ნახსენები „კარტელ დე ლოს სოლესი“, ასევე, არც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ყოველწლიურ მსოფლიო ნარკოანგარიშში.
0
0