19/11/2021
12:06
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძის თქმით, ის მიესალმება „ამნესტი ინტერნაციონალის“ მუდმივ მზადყოფნას, რომ დაიცვას უფლებადამცველთა უფლებები.
აგრეთვე ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის არ დარჩა ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის მოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში.
„გავეცანით თქვენს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ „მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ“ და რომ „მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველის ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები“.
მივესალმებით თქვენი ორგანიზაციის მუდმივ მზადყოფნას, რომ დაიცვას უფლებადამცველთა უფლებები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში თითქმის არ დარჩა ისეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლის მოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს განხორციელებულ ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ მომზადებაში და განხორციელებაში ძირითადად სწორედ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც რევოლუციის შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკაში და ამტკიცებდნენ, რომ იქიდან აგრძელებდნენ უფლებადაცვით საქმიანობას. 2012 წელს, როდესაც ეს ძალა საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან გაუშვა მათი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობის გამო, გაპოლიტიკოსებული უფლებადამცველები ფორმალურად კვლავ დაუბრუნდნენ უფლებადაცვით საქმიანობას და ახლა უკვე ამ სტატუსით ეწევიან ოპოზიციური ფლანგიდან ბრძოლას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. სწორედ მათი რიგებიდან არის დღევანდელი სახალხო დამცველი ქ-ნი ნინო ლომჯარია, რომლის პრაქტიკულად ყველა განცხადება და ქმედება წარმოადგენს რევანშისტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მესიჯბოქსების გაჟღერებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების უმრავლესობა მის და ბევრი ე. წ. უფლებადამცველის განცხადებებს აღიქვამს არა როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირები პირებისა თუ ინსტიტუტების პოზიციად, არამედ რადიკალური ოპოზიციის მიზნებისა და ზრახვების გაჟღერებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას გაითვალისწინოთ უფლებადაცვით სფეროში აქ არსებული რეალური მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს უფლებადაცვითი საქმიანობის უკიდურესი პოლიტიზება“, - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.
0
0