19/01/2025
23:15
სამართალი
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ექიმი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა.
შემთხვევა დღეს, 19 იანვარს, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორა-ბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც ირკვევა, ავტომობილი, რომელსაც ექიმის მეუღლე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო ნინო ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
"ნინო ექიმი წლების განმვალობაში, სასწრაფოში მუშაობდა. ასევე, ანესთეზიოლოგადაც. უთბილესი ადამიანი იყო. პაციენებს ძალიან უყვარდა ", - ამბობს "სფეისნიუსთან" ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.
“კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.
“როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”. - აღნიშნულია კომენტარებში.
[შენიშვნა: ფოტო გამოყენებულია არქივიდან]
0
0