
საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი - რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს, - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ფაქტობრივად, საერთოდ რიყავს მოქალაქეებს.
“საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში.
რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს“, - წერს ნინო დოლიძე „ფეისბუქზე“.
0
0