
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს დავით მგელიაშვილი იხილავს.
დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა თავის რჩეულს ხელი სთხოვა:
"მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემ ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენგამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ, ნინი, ცოლად გამომყვები?" - თქვა სასამართლო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილმა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0