
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, „ნიკოლოზმა ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს“.
„ნიკოლოზმა პასუხი უნდა აგოს რა თქმა უნდა, კანონის წინაშე და დაეკისროს ვალდებულება, ოღონდ სასჯელს მე ვერ შევუფარდებ, ეს მოსამართლესთან უნდა გაირკვეს. ჩემთან ამ კითხვაზე საუბარი არარელევანტურია. განვმეორდები, ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე ისევე როგორც ნებისმიერმა საზოგადო მოქალაქემ. ის თუ გაინტერესებთ რა ძალადობებზეა საუბარი, საკმაოდ მოცულობითია ეს კონკრეტული შემთხვევა და მრავალი სახის ძალადობაზეა საუბარი“, - აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
0
0