
საქართველო როცა ევროკავშირის წევრი სრულად გახდება, მოგვიწევს, სრულად ავამოქმედოთ ის წესები, რომელიც ევროკავშირს აქვს, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ ჩვენი სავიზო პოლიტიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.
„ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ აპირებს, რაც მისასალმებელია, რადგან მათი მხრიდან ეს არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე თანხვედრა არ გვაქვს, გამოსაყოფია ყბადაღებული კანონი – „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია ვიზასთან. გვინდა, დიალოგი გვქონდეს და რა კავშირშია გამჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების კანონი ვიზალიბერალიზაციასთან? მართალია, რომ სავიზო პოლიტიკაში ევროკავშირთან თანხვედრა არ გვაქვს, რადგან ჩვენ უვიზო რეჟიმი ბევრ ისეთ ქვეყანასთან გვაქვს, ვისთანაც ევროკავშირს არ აქვს. ესენი არიან – თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გვქონდეს.
რა თქმა უნდა, ამ კომპონენტში თანხვედრა არ გვაქვს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, თუმცა ეს მათ კარგად იციან. როცა ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, მაშინაც იყო ამაზე აზრთა თანხვედრა, რომ საქართველო ისე ვერ მოიქცევა, როგორც სხვა შენგენის წევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ სრულფასოვანი შენგენის წევრი ქვეყნები არ ვართ. საქართველო როცა ევროკავშირის წევრი სრულად გახდება, მოგვიწევს, სრულად ავამოქმედოთ ის წესები, რომელიც ევროკავშირს აქვს, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ ჩვენი სავიზო პოლიტიკა გვაქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0
19 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/12/2025