
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლევან მახაშვილი შეხვდა დელეგაციას და მათ თქვეს, რომ მხოლოდ ტექნიკური პრობლემა არის“.
„რა ვქნათ, დაველოდოთ და დავუჯეროთ. ჩვენ ადამიანების გულწრფელობის გვჯერა და ამ შემთხვევაშიც გვჯერა, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა, თუმცა მზად ვარ, პარლამენტიდან IT სპეციალისტი გავუგზავნო, რადგან რამდენიმე თვეა, ინფორმაცია ვერ შეცვალეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საუბარია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ განახლებულა. კერძოდ, ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტად არის მოხსენიებული. ამავე საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რომლის განცხადებითაც, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. „ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება გერმანიისთვის არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა. ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. ეს თუ მართლა ტექნიკური ხარვეზია, იმედია, უახლეს მომავალში გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0