
დღეს შეხვედრა სენატის თავმჯდომარესთან გვქონდა, რომელიც ამავდროულად, ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტია, საუბარი გვქონდა ქართულ-ინდური ურთიერთობების შემდეგ განვითარებაზე, სენატის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ინდოეთში საქართველოდან ასეთი მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ყველაზე დიდი სახელმწიფოა მოსახლეობის თვალსაზრისით და მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა.
„30-წლიანი ურთიერთობების მანძილზე პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ ოფიციალური ვიზიტით. სენატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დიდ იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. მან სამი ძირითადი საკითხი წამოწია, რაც მნიშვნელოვანია მათი გადმოსახედიდან. ეს საკითხებია – თანამშრომლობა ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. სამივე საკითხი ჩვენთვისაც პრიორიტეტულია. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე მუშაობას დავიწყებთ საერთო ინტერესების განსახორციელებლად. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. სენატის პრეზიდენტი საქართველოს მდიდარი ტრადიციების შესახებ კარგად ინფორმირებულია და მან სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. საერთო ჯამში, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ინდოეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ყველაზე დიდი სახელმწიფოა მოსახლეობის თვალსაზრისით – მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკაა. მისი პოლიტიკური გავლენები იზრდება და საჭიროა, რომ საქართველოს მეგობრული კავშირი ჰქონდეს ინდოეთთან“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიზიტით დიდი ნაბიჯი გადაიდგა ურთიერთობების გასამყარებლად.
„ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპაციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება მშვიდობიანად დავიბრუნოთ ტერიტორიები. საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბრეთ, მათ იმ ფაქტორებზე, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. საუბარი იყო საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ვფიქრობ, რომ ინდური მხარე დავაინტერესეთ, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. იმაზე შევთანხმდით, რომ 200 მილიონი, რაც ქვეყნებს შორისაა სავაჭრო ბრუნვიდან საკმარისი არ არის და უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს თანხა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამისთვის კარგი იქნება საუბრის დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც ჩვენს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა იყო. პოლიტიკურად ინდოეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, მათ ამ თვალსაზრისით მხარდაჭერა აღგვითქვეს. იმის გამო, რომ ორივე მხარის მზაობა და სურვილია, რომ ურთიერთობები განვითარდეს, ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მისცემს ბიძგს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარებას. მალე, ინდოეთი საქართველოში პირველ ელჩს დანიშნავს, რაც იმის დასტური იქნება, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა სამხარაძემ.
0
0