
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „პერსპექტივების დაახლოება: დიალოგის, მედიაციისა და ნდობის განმტკიცება ცვალებად ეპოქაში“.
„ჰელსინკის დასკვნითი აქტის 50 წლის იუბილე წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დოკუმენტი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, დღეს კვლავ აქტუალურია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კეთილი მიზნებით შექმნილი მექანიზმები ხშირად იდეოლოგიური დამახინჯებისა და პოლარიზაციის ობიექტად იქცევა. ათწლეულების განმავლობაში აგრესიის, ტერიტორიების ოკუპაციის, რომლის პირველი სამწუხარო მაგალითიც საქართველოა, კონფლიქტებისა და შიდა დესტაბილიზაციის ხელშეწყობის პირობებში, რიგი პოლიტიკური ძალები კვლავაც ვერ სწავლობენ წარსულის გაკვეთილებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მან თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე პოლიტიკურ ტენდენციებსა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე.
„ნათელია რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ცდილობს ხალხის ნების იგნორირებას, ისინი დემოკრატიის სახელით ცდილობენ უგულებელყონ არჩევნების შედეგები და კულტურული თავისებურებები; ხელს უწყობენ რადიკალიზმის ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არადემოკრატიული გზებით ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რაც სახელმწიფოთა სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს", - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების მზარდ პოლიტიზებას, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის სანდოობას და იმ სტანდარტებს, რომელსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ემსახურება.
„არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა არსებულ ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით. ეს, თავის მხრივ, ძირს უთხრის ორგანიზაციის სანდოობას და საქმიანობას, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა.
ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და კვლავ ვიხილავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემას, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიის ძირითად საფუძველს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 17-19 ნოემბერს, სტამბულში ტარდება. დელეგაციის შემადგენლობაშია აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.
0
0