
თბილისში დღეს გახსნილ მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში -ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, თბილისის საკრებულოს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნა, რომ ფორუმმა ყოველწლიური სახე მიიღო და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება თბილისში იმართება. საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის ისტორიულ უბნებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ისაუბრა. მან თბილისის ისტორიული ნაწილის არქიტექტურული სტილი მიმოიხილა და კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ავარიული შენობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩემი მოხსენების მიზანი და აზრი არის ისტორიული ქალაქი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ინვესტიციები. თბილისი ძალიან რთული ქალაქია, დატვირთული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. დღეს თბილისში ძირითადად გვხვდება მცირე ნაწილი მე-18 საუკუნის, ასევე მე-19 და მე-20 საუკუნის შენობები. ამ ურბანული ქსოვილის წარმოქმნის, მისი განვითარების პროცესში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი კატაკლიზმი გაიარა. რასაც დღეს ვხედავთ, ამ ნაგებობებმა წაშალა წინა პერიოდების მნიშვნელოვანი ძეგლები აზიური წარმომავლობისა. თბილისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი აზიური წარმომავლობის ძეგლები, რომლებიც სულ რამდენიმეა შემორჩენილი მსოფლიოში. ყველაზე რთული იყო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს სასახლეების და დიდგვაროვნების შენობებში შეასახლეს ოჯახები, მოხდა ამ შენობების გეგმარებების გადაკეთება და ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ამ შენობების მდგრადობაზე. მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირის დროსვე მექანიკურად ეძლეოდა კულტურული ძეგლის სტატუსი შენობას, რომელიც 100 და მეტი წლის იყო. თქვენ თუ გაივლით ე.წ. თბილისურ ეზოებში, იქ არის უამრავი დამხმარე ნაგებობა, ფარდული, რომელსაც ასევე ძეგლის სტატუსი აქვს. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია ინვესტორის დაინტერესება. მით უმეტეს, როდესაც სიმაღლის პარამეტრი შეზღუდულია. ამასთან, ეს შენობები ამორტიზებულია.
თბილისის მერიამ საკრებულოსთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობების მცხოვრებლებს ეძლევათ წინადადება, რომ გავიდნენ სახლებიდან და მათ სახელმწიფო გადაუხდის ქირის თანხას . ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. ასეთ შემთხვევაში ინვესტორს მოსახლეობის გაყვანის და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ტვირთი მოეხსნა და მეტი შესაძლებლობა აქვს ამ სახლების რენოვაციის და რესტავრაციისთვის. ეს პროცესი უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი სახლის გადარჩენა და ამავე დროს შენობების ხელახალი შესწავლა. ისტორიულ არეალში უნდა შეიქმნას უკომპრომისოდ თანამედროვე არქიტექტურა ტრადიციული ძეგლების გვერდით. ეს იქნება ახალი მიმდინარეობა თბილისურ არქიტექტურაში იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რაც დაწესებულია ამ არეალებში “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა და 6 ივნისს დასრულდება, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: მდგრადი ურბანული განვითარება, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე, სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ტურიზმი და თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფია, მიგრაცია, მდგრადი, ხელმისაწვდომი და სოციალურად ინკლუზიური საცხოვრისი, პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტები.
0
0