
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ნავთობით ვაჭრობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალ და გამავალ ნავთობის ტანკერებზე ბლოკადა დააწესა.
„ვენესუელა განაგრძობს ყველა პროდუქტით ვაჭრობას. ჩვენი ნავთობი და ყველა ბუნებრივი სიმდიდრე კონსტიტუციის თანახმად ეკუთვნის მხოლოდ ერთადერთ ლეგიტიმურ მფლობელს – ვენესუელის სუვერენულ ხალხს“,- აღნიშნა მადურომ.
ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, ის გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსაც ესაუბრა და მიმდინარე მოვლენები გააცნო.
„აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ ვენესუელის ნავთობი მათ ეკუთვნით, ვენესუელის მინერალები, ოქრო – ყველაფერი მათია. ეს არის საომარი და კოლონიური განზრახვა“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს „უკანონო რეჟიმი მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს“.
0
0