
ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები, ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მელიას თქმით, ახლა საჭიროა ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა.
„ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, დარჩება შინაგანი პროტესტი და პროტესტი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის სწორ დროსა და მოცემულობაში. პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი არა მხოლოდ უზნეობაა, არამედ ჩამორჩენილობაა თავიდან ბოლომდე. სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ჩვენ ახლა გვჭირდება ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, ხალხის წიაღში არაა, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ეს აიხსნებოდეს. პარტიული პოლიტიკა მეათეხარისხოვანია. სოლიდარობა მინდა, გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც 29-ე დღეა, შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე, მინდა, მათ და ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში გამძლეობა და სიმართლის თქმა ვუსურვო. ეჭვიც არ მეპარება, თუკი მტკიცე ნერვებს გამოვიჩენთ, გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ შეგვეშალოს, რეჟიმის მხრიდან რეპრესიები მხოლოდ მათი საშუალებაა და რასაც ისინი ჩადიან, რწმენაში ჩვენი გატეხაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში რას ვსაუბრობთ იმასაც კი, რას საუბრობენ ტელეეთერებში, რას ასხივებენ“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდეს.
შეიძლება, აქციაზე ვერ გავიდეს ადამიანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე მეზობელს რომ ესაუბრება, იქაც რწმენას უნდა ასხივებდეს. ყველას მინდა, ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით. დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ მაქსიმალურ მოკლე დისტანციაში დავფაროთ. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0