
გუშინ, [გიორგი] ახობაძის რეცეპტით გავაკეთეთ ქათმის კატლეტი, დაემთხვა სანქციებზე ინფორმაციას და კიდევ უფრო გემრიელად მივირთვით. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არის რეჟიმის მსახური, რომ წინ ბევრად უკეთესი სანქციებია,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.
სხდომას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იხილავს.
„მივესალმები ყველას ვისთვისაც სამართლიანობა არის ღირსების საკითხი… გუშინ ახობაძის რეცეპტით გავაკეთეთ ქათმის კატლეტი, დაემთხვა სანქციებზე ინფორმაციას და კიდევ უფრო გემრიელად მივირთვით. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც არის რეჟიმის მსახური, რომ წინ ბევრად უკეთესი სანქციებია“,- განაცხადა ნიკა კაციამ.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლო პროცესს, სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ადვოკატ ნინო ლომინაძის განცხადებით, დაიკითხება ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტი, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ნიკოლოზ კაციასგან ამოღებულ გადასაფუთ პაკეტზე არ არის ნიკოლოზ კაციას თითის ანაბეჭდი.
ადვოკატის განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე არ ამოსულა ბრალდებულის თითის კვალი, ამოვიდა დნმ, მაგრამ ის სვამს კითხვას, „რატომ არ არის თითის კვალი, თუ რეალურად დნმ ამოვიდა და შემხებლობა ჰქონდა გადასაფუთ პაკეტთან“.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ასევე დაიკითხება კიდევ ერთი პირი, ნიკოლოზ კაციას მეგობარი, რომელთანაც კაცია უშუალოდ შეთანხმებული იყო, რომ აქციაზე უნდა მისულიყო, „ელოდებოდა მას, უნდა შეხვედროდა, არ აპირებდა არსად სხვაგან გადაადგილებას და წასვლას, შესაბამისად დღეს მიცემული ეს ინფორმაციაც არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის და დაცვის მხარისთვის“.
ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
0
0