
არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან, ვინაიდან მათი „პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“.
„გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველი ცარიელი იქნება ჭანტურიას შემდეგ. იქ არაფერი იქნება. ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, რომელიც თავად განაცხადა შსს-მ, რომ გადაკეტილი იქნება და ცარიელი. ეს ტერიტორია ეკუთვნის მოქალაქეებს, პროტესტის გამოხატვის ადგილია თბილისში, ზუსტად რუსთაველის გამზირია ისტორიულად საპროტესტო ადგილი.
26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე პროტესტის გადაყვანას, რაც მოიცავს კვლავ ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას.
ჩვენი დამოკიდებულება არის მკაფიო: ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია უკვე 2 თვეა. იმის გამო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ მისთვის ცნობილი მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს გეგმები ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, მოვახდენთ ჩვენი უფლების სრულად რეალიზაციას.
რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს და ანტიკონსტიტუციურ შეზღუდვებს, არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს.
მოვუწოდებ „ხელისუფლებას“ თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით და გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0