
ივანიშვილის ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას.
მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა “ქართულ ოცნებასთან” თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით).
აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან “Peaceful Transition of Power”-ს. ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები.
ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის – ერთადერთი და უალტერნატივო,” – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: “დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება”.
0
0