
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა.
„ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადაა მითითებული, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:
გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო; მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია; სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა; შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრულიად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.
არცერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა“, – წერს ნიკა გვარამია.
ამასთან, გვარამია აღნიშნავს, რომ ისურვებდა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს უფრო მკაფიო ჩანაწერი გაეკეთებინათ, რათა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ დარჩენილიყო.
„აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არცთუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის მიღებაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია მონაწილეობაზე ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.
0
0