
არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმი დგას დაჭერებზე და შიშზე, ბიძინა ივანიშვილს კი უკან დასახევი გზა არ აქვს.
„ამდენჯერ პატიმრობაში ვარ მე თვითონ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა, მართლა ნამეტანი იყო. მეგობრებო, უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ, იქნება რამე? არაფერი არ იქნება, თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ ახლა სხვანაირად მოხდეს, არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები და ა.შ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, თუ გვინდა, რომ შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ მოხდება. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ მკაფიო და რადიკალური, ზოგიერთს რომ ეგონა აშშ-მა ეს თქვა გუშინ და ბიძინა გადაიფიქრებსო, ასე არ არის. ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, ბიძინა არის უმძიმეს ჩიხში. აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის? ძალიან. ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას? პირიქით, ამსუბუქებს, რადგან გიჟის მდგომარეობაში რაც უფრო შევა ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო დასუსტდება და უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს“, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0