
ნიგერიის ჩრდილოეთ შტატ კანოში, ისლამურმა პოლიციამ 11 მუსლიმი დააკავა, რომლებმაც რამადანის თვეში მარხვა დაარღვია.
დაკავებული 10 მამაკაცი და 1 ქალი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ ფიცი დადეს, რომ მარხვას განზრახ აღარ დაარღვევდნენ.
„სამძებრო ოპერაციები გაგრძელდება. ჩვენ არ ვაკავებთ არამუსლიმებს, რადგან მარხვა მათ არ ეხებათ. არამუსლიმები პასუხს აგებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენთ, რომ ისინი მუსლიმებისთვის გასაყიდ საჭმელს დაამზადებენ,“ - განაცხადა პოლიციამ.
კანოს მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, სადაც საერო კანონთან ერთად ისლამური სამართლებრივი სისტემა - შარიათი - მოქმედებს. ისლამური პოლიცია, რომელიც ფართოდ ცნობილია, როგორც ჰისბა, რამადანის პერიოდში, ყოველწლიურად ახორციელებს ჩხრეკას სასადილოებსა და ბაზრებში.
რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისლამურ რელიგიაში. მუსლიმებს სჯერათ, რომ ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მას მიმადლა.
0
0