05/12/2023
16:25
მსოფლიო
,,ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, კადუნას შტატში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 85 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც მუსლიმური რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილნი. ასევე დაშავდა ათობით ადამიანი. ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთის ზონალურმა ოფისმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ 85 გვამი უკვე დაკრძალეს. დაღუპულთა ძებნა ჯერ კიდევ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა შორის ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან,“ - განაცხადა დედაქალაქ აბუჯას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
შტატის გუბერნატორმა უბა სანიმ განაცხადა, რომ სალოცავად შეკრებილები საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ,,შემთხვევით“ გახდნენ - სამხედრო თვითმფრინავის სამიზნე "ტერორისტები და ბანდიტები" იყვნენ.
ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ ინციდენტის საფუძვლიანი და სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ნიგერიის არმია წლების განმავლობაში ებრძვის შეიარაღებულ კრიმინალებსა და ბოევიკებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილებში სოფლებს არბევენ და მოსახლეობას იტაცებენ.
,,2017 წლიდან, ნიგერიის სამხედრო ძალების შემთხვევითი თავდასხმების შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,“ - ნათქვამია კვლევითი ფირმის SB Morgen-ის მოხსენებაში.
0
0