
ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში 10 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი, ადგილობრივი დროით, 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა და სამთავრობო კოალიცია დაიშალა. პარტიებს 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის 76 ადგილი სჭირდებათ, თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია მოიპოვებს, ამიტომ აუცილებელი იქნება კოალიციის შექმნა.
როგორც მედია წერს, გამოკითხვების მიხედვით, სამ პარტიას თანაბარი მაჩვენებელი აქვს, რაც კოალიციის ფორმირებას რთულს ხდის და სავარაუდოდ აღნიშნულთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაიმართება. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „თავისუფლების პარტია“ ( PVV) 23 ადგილს მოიპოვებს, „მწვანეები და შრომის პარტიის ალიანსი“ (GL-PvdA) 23 ადგილს, „დემოკრატები 66“ (D66 ) 23 ადგილს, „ქრისტიან-დემოკრატები“ (CDA) 19 ადგილს, „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) 17 ადგილს.
0
0