
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ მიღებული კანონი უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
„უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმებისთვის. მათი მუშაობის შეზღუდვა უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. აღნიშნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შენარჩუნება და კანონის უზენაესობის კუთხით სამომავლო პროგრესი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკვანძო ფაქტორად რჩება“, - დაწერა მან.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
0
0