14/06/2023
22:07
მსოფლიო
აშშ-ში, ნევადას შტატს კუტკალიების მიწაში მობინადრე, უფრთო, კანიბალისტური სახეობა, Anabrus simplex შეესია.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნევადას ჩრდილო-აღმოსავლეთით, აიდაჰოს შტატის საზღვართან მდებარე ქალაქ ელკოში, სადაც კუტკალიებმა გზები, გამწვანებები და შენობების კედლებიც კი დაფარეს.
Anabrus simplex ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მწერია. კუტკალიების ამ სახეობის წარმომადგენლებს სიგრძეში 8 სანტიმეტრამდე გაზრდა შეუძლიათ. ისინი მრავალწლიანი მცენარეებით, ბალახით, ნათესებითა და მწერებით, მათ შორის, სხვა კუტკალიებით იკვებებიან. ამ მწერების შემოსევას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების გამოწვევა შეუძლია.
კუტკალიების ეს სახეობა მუდმივად ცირკულირებს და 4-6 წელიწადში ერთხელ ნევადას, აიდაჰოსა და იუტას შტატებში გამოჩნდება ხოლმე.
Anabrus simplex-თან დაკავშირებით შტატებში გადმოცემაც არსებობს: კუტკალიების ამ სახეობის ინგლისური სახელწოდება - Mormon cricket (მორმონების ჭრიჭინა) - თავდაპირველად იუტაში მცხოვრებმა მორმონებმა გაავრცელეს. მწერი მათ ერთ-ერთ რელიგიურ სასწაულთან არის დაკავშირებული. 1848 წელს მორმონების მინდვრებს სწორედ ამ სახეობის კუტკალიები შეესივნენ და მოსავალი განადგურებისგან დიდ მლაშე ტბასთან მობინადრე თოლიებმა იხსნეს, რომლებმაც დიდი რაოდენობით მწერი შეჭამეს.
0
0