
“ნეპალში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთები და კაბინის ხმის ჩამწერი სისტემა იპოვეს. გარეგნულად „შავი ყუთები“ დაუზიანებელია. ხმის ჩამწერების მონაცემებმა შესაძლოა გამომძიებლებს გაუადვილოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენა,” - განაცხადა კატმანდუს აეროპორტის წარმომადგენელმა, ტექნათ სიტაულამ.
ნეპალმა 16 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. შეიქმნა პანელი კატასტროფის მიზეზის გამოსაძიებლად და ზომების მისაღებად მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.
ცნობისთვის, ნეპალში კომპანია Yeti Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ATR 72-ი ჩამოვარდა, რომელსაც 72 ადამიანი გადაჰყავდა. ამ დროისთვის, მაშველებმა 68 ცხედარი იპოვეს, ხოლო ოთხი დაკარგული ადამიანის ძებნა ისევ გრძელდება. თვითმფრინავი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან პოხარისკენ რეისს ასრულებდა. მგზავრებს შორის იყვნენ 57 ნეპალელი, ხუთი ინდოელი, ოთხი რუსი, ორი სამხრეთ კორეელი და ერთი არგენტინელი, ირლანდიელი, ავსტრალიელი და ფრანგი.
ნეპალში, 2000 წლიდან დღემდე, 350-მდე ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ფრენისთვის საშიშ პირობებს მთა ევერესტზე ამინდის უეცარი ცვლილებები ქმნის.
0
0