
ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით - ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში - სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში აისახება.
ამავე პროექტის ფარგლებში მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე ფართოვდება - სუბიექტად მიჩნეული იქნება არა მხოლოდ კონკრეტული განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ “ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას ცდილობს“.
კანონის პროექტის გათვალისწინებით, ნებისმიერ სუბიექტს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, ასევე აიკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
0
0