07/08/2024
13:29
ეკონომიკა
„ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, ქართველი მილიარდერების, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ ლომთაძის ქონება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შემდეგ შემცირდა.
კერძოდ, Bloomberg-ის რეიტინგში ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძის ქონება 1-ელ აგვისტოს 6.81 მლრდ დოლარი იყო, 2 აგვისტოს 6.56 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და კლების ტენდენცია მომდევნო დღეებშიც განაგრძო. დღეის მდგომარეობით კი, ლომთაძის ქონება 6.26 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში 445-ე ადგილს იკავებს. ლომთაძის ქონება 1-ლი აგვისტოდან დღემდე 550 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის რეიტინგში მე-400 ადგილზეა. Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, ივანიშვილის ქონება 1-ელ აგვისტოს 7.2 მილიარდი დოლარი იყო, 2 აგვისტოს 7.3 მილიარდამდე გაიზარდა და ამ პერიოდის შემდეგ კლება დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, მისი ქონება 6.9 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ივანიშვილმა 400 მილიონი დოლარი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა ღრმა ზარალით დაიხურა. აშშ-ის რეცესიის შიშის გამო ორშაბათის დილიდან გლობალური აქციები ჩამოიშალა. ინვესტორები მთელს აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში თავიანთ პოზიციებს ერთდროულად ხურავენ. შედეგად, როგორც Bloomberg წერს, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2 აგვისტოს, უოლ სტრიტზე აქციების ფასების ვარდნის გამო, 134 მილიარდი დოლარი დაკარგა.
The Guardian-ის ცნობით, არასტაბილური პირობები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის ფედრეზერვმა 31 ივლისის შეხვედრის შემდეგ მიანიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთები მალე შემცირდებოდა. ეს აქციების მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინვესტორებმა განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება აშშ-ის ეკონომიკის შენელებად აღიქვეს.
bpn.ge
0
0