მეცნიერებმა პოპულარული ევროპული დასასვენებელი ადგილები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, „დენგეს“ ცხელების, ასევე ახალი ეპიდემიების გავრცელების საფრთხეს ქმნის. დაავადების მატარებელია აზიური „ვეფხვისებრი“ კოღოები, რომლებიც კიდევ უფრო გავრცელდა ევროპაში, მათ შორის სამხრეთ საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ნაწილებში. კოღოს ეს სახეობა პარიზის ოლიმპიადაზეც შენიშნეს.
გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელობით, ექსპერტთა ჯგუფმა მონიტორინგის სისტემა შეიმუშავა, რომელსაც 10 კმ ფართობზე ეპიდემიის პროგნოზირება შეუძლია.
,,სიცილია ეპიდემიების გავრცელების კერაა. ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ადგილები ასევე „დენგეს“ ცხელების გავრცელების მაღალი რისკის ზონებია. სამხრეთ იტალიის პულიას რეგიონში და ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალი ცხელი წერტილია იდენტიფიცირებული, სადაც უამრავი კოღოა”, - თქვა თეორიულმა ეკოლოგმა სტივენ უაიტმა.
გასულ წელს, პარიზში „დენგეს“ დაავადების პირველი აფეთქება დაფიქსირდა. ვირუსი კოღოებზე გადადის, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ინფიცირებულ უკან დაბრუნებულ მოგზაურებს კბენს და შემდეგ სხვა ადამიანებს გადასცემს.
„სამხრეთ საფრანგეთი და ჩრდილოეთ იტალია მაღალი რისკის ქვეშ არიან ხელსაყრელი კლიმატის, კოღოების სტაბილური პოპულაციისა და ტროპიკული ქვეყნებიდან [სადაც დაავადება გავრცელებულია] დაბრუნებული მოგზაურების დიდი რაოდენობის გამო. კლიმატის ცვლილების ფონზე, თბილი ამინდი დაუცველ ადგილებში ინვაზიური კოღოების გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში აზიური „ვეფხვისებრი“ კოღოს კვერცხები აღმოაჩინეს, მაგრამ ეს სახეობა დიდ ბრიტანეთში ჯერ არ დამკვიდრებულა. თუმცა, ეს სურათი სავარაუდოდ შეიცვლება მომავალში, რადგან დიდი ბრიტანეთი კლიმატის ცვლილების შედეგებს გრძნობს", - თქვა ეპიდემოლოგმა დომინიკ ბრასმა.
2023 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ლონდონში „დენგეს“ ცხელება 2060 წლისთვის, ხოლო აზიური „ვეფხვისებრი“ კოღო, ზოგადად, ინგლისში, 2040-იან წლებში ფართოდ გავრცელდება.
0
0