16/02/2024
19:01
საზოგადოება
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართება. მათ რიცხვს უერთდებიან ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია.
ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია ტელეგრამის არხზე წერს. მისივე ინფორმაციით, რუსეთში, ზოგიერთ ქალაქში, ხალხმა უკვე დაიწყო ყვავილების მიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან.
იულია ნავალნი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობა ძალიან რთულია.
"ვფიქრობდი, აქ გამოვსულიყავი თუ შვილებთან გავფრენილიყავი, მაგრამ შემდეგ თავს ვკითხე, რას იზამდა ალექსეი ნავალნი ჩემს ადგილზე? და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სცენაზე იქნებოდა.
არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა იმ საშინელი სიახლეებს, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის სამთავრობო წყაროებისგან ვიღებთ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, კარგად მოგეხსენებათ, შეუძლებელია ვენდოთ პუტინს, პუტინის ხელისუფლებას, ისინი მუდამ იტყუებიან. მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მსურს პუტინმა, მისმა გარემოცვამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება.
მსურს მოვუწოდო მთელ მსოფლიო საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ხალხს მთელ მსოფლიოში, რომ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ ეს საშინელი რეჟიმი, რომელიც რუსეთშია. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პირადად უნდა აგონ პასუხი ყველა საშინელებისთვის, რასაც ჩემს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას - რუსეთს უკეთებენ ბოლო წლებში. დიდი მადლობა". - აღნიშნა იულია ნავალნიმ.
0
0