26/12/2023
14:35
მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილი სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც ის ახლა იმყოფება. მან მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და ასევე დაწერა, რომ კარგად არის.
ნავალნიმ დაწერა დეტალები მისი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაყვანის შესახებ, რომელიც 20 დღე გაგრძელდა და "საკმაოდ დამღლელი" იყო.
„შაბათს საღამოს (23 დეკემბერს) მომიყვანეს. გადავყავდი ისეთი სიფრთხილით და ისეთი უცნაური მარშრუტით (ვლადიმირი - მოსკოვი - ჩელიაბინსკი - ეკატერინბურგი - კიროვი - ვორკუტა - ხარპი), რომ იანვრის შუა რიცხვებამდე არ ველოდი, რომ აქ ვინმე დამხვდებოდა. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როცა გუშინ საკნის კარები გაიღო შემდეგი სიტყვებით: „ადვოკატი გყავს“, - წერს ნავალნი.
„ფანჯრიდან ვიყურები, სადაც ჯერ ღამეა, მერე საღამოა, მერე ისევ ღამე“, - დასძინა ოპოზიციონერმა.
25 დეკემბერს ნავალნის თანამოაზრეებმა, რომლებსაც მასთან 20 დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ, განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი იმყოფებოდა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში. ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, მისმა ადვოკატმა პატიმარი ნახა და თავად ნავალნი "კარგადაა".
მანამდე ნავალნი იმყოფებოდა ვლადიმირის რეგიონის 6-ე კოლონიაში. 6 დეკემბერს ადვოკატებს მისი ნახვის უფლება აღარ მისცეს. ამის შემდეგ, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნიმ კოლონია 11 დეკემბერს დატოვა სხვა რეგიონში გადავიდა. ნავალნის აგვისტოში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით. ნავალნი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს.
0
0